GEO ENG
GEO ENG

სტატიები

გადაარჩინეთ რეალური სექტორი, გადაარჩინეთ საქართველოს ეკონომიკა

 

სულ უფრო მეტი ქვეყანა (მათ შორის ჩვენი ახლო მეზობლები) სულ უფრო მეტად ფიქრობენ და ზრუნავენ საკუთარი ეკონომიკის რეალური სექტორის გადარჩენაზე კრიზისის დროს. ყველამ იცის, რომ ეს ნიშნავს სავაჭრო ბალანსის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების დაცვას, ეკონომიკისათვის მკვეთრი რყევების აცილებას. ყველა ხედავს რომ ამის გარეშე დღეს ძალიან ძნელი იქნება ეკონომიკის შენარჩუნება ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ მისი აღდგენა მნიშვნელოვნად გართულდება კრიზისის შემდეგ თუ არ იქნებიან კომპანიები ვინც ეს ზრდა ძირითადად უნდა იტვირთოს.

 

ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ხელს უშლის ამ საკითხზე სახელმწიფოს სათანადო კონცენტრირებას, პრობლემის ჯეროვნად აღქმას და რეაგირების დაყოვნებას იწვევს. არადა ყოველდღე კიდევ ერთი ისეთი კომპანია კარგავს გადარჩენის შანსს, რომელიც რეალურ საექსპორტო ან იმპორტშემცვლელ პროდუქტს ქმნის. ბანკები, რომელთა წამყვან ნაწილს დღეს უპირველეს საზრუნავად ანაბრების დამაგრება და დიდი დაბანდებების გადარჩენა გასჩენიათ ვერ აქცევენ სათანადო ყურადღებას უფრო მრავალრიცხოვან და შედარებით მცირე ზომის კომპანიებს (მათ შორის ამ სექტორში). მათი შემოსავლები ობიექტური მიზეზების გამო შემცირებულია და დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ დაუბრუნდება ერთი წლის წინანანდელ მაჩვენებლებს, ვალდებულებები კი ისევ იმ შემოსავლების შესაბამის დონეზეა დარჩენილი და მათი მომსახურება სულ უფრო ბევრი კომპანიისათვის ხდება აუტანლად რთული დღითიდღე. ბანკები ვერ ახერხებენ სესხების რესტრუქტურიზაციას რაც ნიშნავს რომ ამ კომპანიების დიდი ნაწილი მათთვის საციცოცხლო აქტივების (საწარმოო სიმძლავრეების, კადრების, ლიკვიდური სახსრების) დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას, რაც ჩარევის გარეშე ცუდი შედეგებით შეიძლება დასრულდეს ძალიან ბევრი ადამიანისათვის, ორგანიზაციისათვის და ქვეყნისათვის მთლიანად.

 

არადა საუბარია სულ 1500-მდე კომპანიაზე, რომლებიც ქმნიან რეალურ, საექსპორტო და იმპორტშემცვლელ  პროდუქტს, მათი რეალიზაციები  2-3  მილიონის ფარგლებშია ყოველწლიურად. მათ მიერ შექმნილი პროდუქცია მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 15-20 %-ს შეადგენს, მათი  პარტნიორი კომპანიები, კი რომლებიც მათ ნედლეულით ამარაგებენ, ემსახურებიან და გაყიდვებში ეხმარებიან ანუ მათზე არიან დამოკიდებული და მათთვის არსებობენ ძალიან ბევრია. დასაქმებული ადამიანები 100 150 ათასია, რომლებიც პირდაპირ არიან ამ სექტორის ფუნქციონირებაზე დამოკიდებულები, რაც ასევე მნიშვნელოვანი რიცხვია. კომპანიების პოვნა და მათი დახმარება, რაც უპირველეს ყოვლისა ვალდებულების (600 მილიონამდე) სტრუქტურის ცვლილებაში და მასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებაში უნდა გამოიხატოს, არსებითი და სასიცოცხლო საკითხია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ისე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში სადაც ურბანიზაციის ხარისხი ისე მაღალია როგორც ჩვენთან. და თანაც ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად სანამ ჯერ კიდევ მათი დიდი ნაწილის გადარჩენა შეიძლება.

 

სახსრების მოძიება რეალური სექტორის დასახმარებლად, ამ კომპანიების სწორად შერჩევა ვისი გადარჩენაც შესაძლებელია და მიზანშეწონილია, და მათთან მიმართებაში ისეთი პოლიტიკის განხორციელება რომ სახელმწიფოს მონაწილეობა მათ საქმიანობაში დახმრება იყოს და არა ზიანის მომტანი, არის ძირითადი სირთულეები აღნიშნული ამოცანის გადაწყვეტის გზაზე.

 

ამ კითხვებზე პასუხების გაცემა რომ შესაძლებელია ამის დასაბუთებას ქვემოთ შევეცდებით, თუმცა აქვე გვინდა ვთქვათ რომ დარწმუნებულები ვართ ბევრად უფრო ეფექტურ გზებს მოიფიქრებს ხელისუფლება თუ ამ თემას სათანადო ყურადღებას დაუთმობს და შეეკითხება ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებს ვისაც მეტი გამოცდილება აქვს მსგავს საკითხებთან დაკავშირებით.

 

ფული რეალური სექტორის დასახმარებლად

 

ვფიქრობთ, დღეს სახელმწიფოს ადვილად შეუძლია აიღოს სახელმწიფო ვალი 3-5 წლამდე ვადით მოსახლეობისგან და თან საკმაოდ დაბალ წლიურ 4-5%-ად, ისეთი მნიშვნელოვანი მისიის განსახორციელებლად, როგორიცაა ეროვნული რეალური სექტორის გადარჩენა. ამის წინაპირობებს ერთის მხრივ ბანკების მიმართ მოსახლეობის შემცირებული ნდობა, ხოლო მეორეს მხრივ დაბანდების ალტერნატიული არხების პოვნის სურვილი ქმნის. თუ იარსებებს მათი თავისუფალი ფულის შედარებით მყარ ვალუტაზე ან მათი ნაკრების ინდექსზე მიბმის შესაძლებლობა, ადამიანები არჩევენ შედარებით დაბალ პროცენტად, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ ფასიან ქაღალდებში დააბანდონ საკუთარი ფულადი სახსრები. ეს ერთ-ერთი ეფექტური საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს საბანკო სისტემიდან ამოღებული ფულის ისევ საბანკო სისტემაში და, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკაში დასაბრუნებლად. ვფიქრობთ სახელმწიფომ ეს მინიმუმ ამისთვის მაინც უნდა გააკეთოს, თორემ მხოლოდ ლატარიებით და გათამაშებების ჩატარებით კერძო ბანკები ამ ფულს დიდი ხანი ვერ დაიბრუნებენ. ეს სახსრები კი სახელმწიფოსთვის შეიძლება აღმოჩნდეს კარგი საშუალება სწორედ რეალური სექტორის მხარდაჭერისა და კრიზისიდან გამოყვანაში დასახმარებლად. ეს დანიშნულება ამ ფასიან ქაღალდებს კიდევ უფრო მეტ ხიბლს შესძენს თუ მათი შეძენა მოსახლეობისთვის არამარტო მათი აქტივების დაცვის და სარგებლის მიღების, არამედ ეროვნული საქმის კეთების საშუალებად შეიძლება იქცეს.

 

ვისი გადარჩენაც ჯერ კიდევ შეიძლება

 

რაც უფრო დიდია კომპანია, რაც უფრო დიდია მისი წილი ბაზარზე, რაც უფრო დიდი ხანია ბაზარზე არსებობს, მით უფრო ნაკლები შანსია მისი გადარჩენისათვის დარჩენილი დღეს. ერთი შეხედვით აფსურდს გავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეა. შეიძლება ბევრი მილიონი დახარჯო მისი მდგომარეობის გამოსაკეთად და ვერაფერი შედეგი მიიღო.

 

გაცილებით უფრი დიდი შანსია ყველაზე მნიშვნელოვანი დარგებიდან, სადაც დღეს რეალური პროდუქცია იქმნება, გადაარჩინო სხვა უფრო სიცოცხლისუნარიანი კომპანიები, რომლებიც შემდეგ პირობებს უკვე დღეს უნდა აკმაყოფილებდნენ:

 

ა) სასურველია მათი წილი გასული წლის გაზაფხულზე არ ყოფილიყო 10%-ზე მეტი მათ ბაზარზე. ეს იმას ნიშნავს, რომ შემცირებული ბაზრის პირობებში მათ სწორი მოქმედების შემთხვევაში წილის ზრდით უფრო სწრაფად შეუძლიათ აღიდგინონ გაყიდვების სასტარტო მოცულობა, ვიდრე კომპანიებს რომლებსაც ამ ბაზრებზე 30% და მეტი ეკავათ დაჯერ კიდევ უკავიათ. ანუ ერთ-ერთი კრიტერიუმი სიცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად არის ის, თუ რა ვადა დასჭირდება ორგანიზაციას გაყიდვების  საწყის მაჩვენებლებამდე მისაახლოვებლად. დიდი საწყისი წილის მქონე კომპანიებისთვის ეს ფაქტიურად შეუძლებელია უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, მაგრამ შედარებით მცირე ზომის კომპანიებს, წილის გაზრდით, შეუძლიათ დააკომპენსირონ ბაზრის შემცირებით გამოწვეული გაყიდვების მოცულობის შემცირება.

 

ბ) გამჭვირვალობა, მმართველობითი და ფინანსური აღრიცხვის განვითარების დონე და საგადასახადო ვალებულებების თვალსაზრისით სიჯანსაღე არის მეორე კრიტერიუმი, რომლითაც კომპანიები უნდა შეფასდნენ ყველაზე მნიშნელოვან დარგებში. საჭიროა ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც სურვილს გამოთქვამს მიიღოს სახელმწიფოს დახმარება, მზად იყოს სრული ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფოს მისი რეალური მდგომარეობისა და ისტორიული თუ მიმდინარე ოპერაციების შესახებ და ეს ინფორმაცია მათ სიჯანსაღეში დარწმუნების საშუალებას უნდა იძლეოდეს.

 

გ) და მესამე, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი კრიტერიუმი ჯანსაღი და ზრდის პოტენცილის მქონე ორგანიზაციების გამოსავლენად მათ მიერ აღებული სესხების ხარჯვის მიზნობრიობა შეიძლება იყოს. ის მენეჯმენტი, რომელიც აღებულ სესხებს (ან მათი განმარტებით მომავალი მოგების, რომელიც ჯერ არ მიუღიათ) საკუთარი პირადი ფუფუნების ნივთების, ძვირადღირებული მანქანების და სახლების შესყიდვაში ხარჯავს, გადარჩენის საიმედო კანდიდატი ვერ იქნება. შესაბამისად მათზე აქცენტის გაკეთება სასურველ შედეგს ნაკელებად მოიტანს.

 

ამ და სხვა კრიტერიუმებით კომპანიების გადარჩევა, რაც შესაძლოა მოწვეული უცხოური ფირმების ან სპეციალისტების მიერ გაკეთდეს, იძლევა იმის დანახვის შესაძლებლობას თუ ვისი გადარჩენა შეიძლება იყოს მიზანშეწონილი. ამის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება კითხვა –  რა შეიძლება იყოს ყველაზე ეფექტური როლი სახელმწიფოსთვის ამ ორგანიზაციებთან მიმართებაში.

 

სახელმწიფოს ყველაზე ოპტიმალური როლი მათთან ურთიერთობაში

 

ამ კომპანიებისათვის დღეს ყველაზე დიდი დახმარება მათი ვალდებულებების სტრუქტურის ცვლილებაა ისე, რომ მათ მომსახურებასთან დაკავშირებული საპროცენტო და სხვა სახის ხარჯები მინიმუმამდე შემცირდეს. სწორედ მათი ვალდებულებების სტრუქტურის ანალიზი და მათი ჩანაცვლება შედარებით გრძელვადიანი და შეღავათიანი სესხებით ან  კაპიტალში შესვლა შეიძლება გახდეს 3-5 წელიწადში წილის გამოსყიდვის უფლების დატოვებით. დახმარების სწორედ ეს უკანასკნელი ფორმა შეიძლება იყოს ყველაზე ღირებულიც და ყველაზე სასურველიც ჯანსაღი ორგანიზაციების დიდი ნაწილისათვის. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:

 

ა)  სახელმწიფო არ ჩაერევა ოპერატიული მართვის პროცესში, რაც არც შეუძლია დღეს და არც უნდა გახდეს საჭირო თუ კომპანიების შერჩევა სწორად მოხდება;

 

ბ) ჩარევა მოხდება მხოლოდ არაკეთილსინდისიერი მოქმედების ან გადაწყვეტილების აღმოჩენის შემთხვევაში, როდესაც მენეჯმენტი მიზანმიმართულად ცდილობს კომპანიის რეპუტაციის ხელყოფას, ან მისი ღირებულების შემცირებას უწყობს ხელს. ესეც მხოლოდ საკადრო გადაწყვეტილებების მიღების დონეზე. სხვა დროს ან სხვა სახის ჩარევამ შესაძლოა უფრო უარყოფითი გავლენა იქონიოს კომპანიაზე, ვიდრე დადებითი.

 

გ) სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს როლი მხოლოდ შედეგებზე და საქმიანობაზე კონტროლით შემოიფარგლება. ეს კი უნდა იყოს საკმარისად ინტენსიური არაკეთილსინდისიერი ან საზიანო პროცესებისა და გადაწყვეტილებების დროული აღმოჩენისა და მასზე რეაგირებისთვის.

 

ამისთვის საჭიროა შეიქმნას ფინანსური კონტროლისა და მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი, რომელთა მოვალეობაც სწორედ ამ კომპანიების ოპერაციების კონტროლი უნდა გახდეს. მათ მიერ მიმდინარე მონიტორინგი და პერიოდული კომპლექსური აუდიტი სახელმწიფოს მისცემს საშუალებას იმ რამდენიმე წლის განმავლობაში რაც ეს კომპანია სრულად ან ნაწილობრივ მის საკუთრებაში იქნება, არ დაუშვას აქტივების მიზანმიმართული ხელყოფა მენეჯმენტის მხრიდან.

 

სხვა როლი სახელმწიფოს არ აქვს და ნებისმიერი სხვა სახით ჩარევა შესაძლოა საზიანო იყოს როგორც ამ კომპანიებისათვის, ისე აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მთლიანად.

 

ორგანიზაციები იბადებიან და კვდებიან, ისევე როგორც ადამიანები. მათი ნაწილი განსაკუთრებულ მისიას ატარებს. ამ ორგანიზაციების არსებობა მნიშნელოვანია არა მარტო იმიტომ რომ ისინი ღირებულ და აუცილებელ პროდუქტს ქმნიან, არამედ იმიტომაც, რომ სწორად მუშაობენ და აგროვებენ კომპეტენციას, რომელიც ხვალ უფრო მეტი საზოგადოებრივი სარგებლის შექმნის საშუალებას მისცემს. ამ ორგანიზაციებისთვის ხანდახან დგება მომენტი, როდესაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გარემო მათთვის საზიანოდ იცვლება. ასეთ დროს მათ სჭირდებათ დახმარება იმისთვის, რომ გადარჩნენ, რის გარეშეც შეიძლება შეწყდეს კომpეტენციის დაგროვების, ბრენდის ფორმირების, სხვა მატერიაური თუ არამატერიალური ღირებულების შექმნის პროცესი, რომლის აღდგენას და საზოგადოების სამსახურში ჩაყენებას შესაძლოა ათეულ წელზე მეტი ხანი დასჭირდეს. სწორედ ამიტომ, ასეთ დროს, სახელმწიფოს დროულმა და კომპეტენტურმა ნაბიჯმა შესაძლოა გადაარჩინოს ამ თვალსაზრისით ყველაზე ღირებული კომპანიები, რათა ამით დააჩქაროს კრიზისიდან ქვეყნის გამოსვლა და მისი ეკომონიკის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის ხელსაყრელი წინაპირობები შექმნას.