GEO ENG
GEO ENG

სტატიები

ბევრი სიხარული ღმერთის საჩუქრებისთვის ანუ როგორი იქნება სასტუმროების ჩვენი ოპერატორი კომპანია

ისტორია მეხუთე, სტატია პირველი: “ბარბარესთან” და “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა” სასტუმროების ოპერატორი კომპანია დავაფუძნეთ.

 

რაც მეტ სიხარულს და ბედნიერებას ვანიჭებთ სხვას, მით უფრო დიდ სიხარულს და ბედნიერებას განვიცდით ჩვენც. ბედნიერ ადამიანებს საოცრებების მოხდენა შეუძლიათ და თანაც არა ერთხელ ცხოვრებაში, არამედ ყოველ წუთს, უწყვეტად შეუძლიათ ულევად მოიფიქრონ და გააკეთონ ისეთი რაღაცები, რაც გაგვაოცებს და გვაფიქრებინებს – ნუთუ ესეთი რამე შესაძლებელია. თუ შენ ბედნიერების და სიხარულის მანქანას ქმნი, ორგანიზაციას, რომელმაც სხვებს ულევი სიხარული უნდა მოუტანოს, უნდა იპოვო ადამიანები, ვისაც ამ საქმის კეთებით სიამოვნების მიღება შეუძლია და შეუქმნა გარემო, სადაც ბედნიერები იქნებიან და საოცრებების ზღვაც აუცილებლად აღელდება.

 

დაახლოებით ერთი თვის წინ “ქართულმა ოჯახმა” (რესტორანი “ბარბარესთან”) და “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა” ერთობლივი კომპანია დავაფუძნეთ, რომლის ფუნქციაც სამვარსკვლავიანი სასტუმროების ოპერირება იქნება. ამ სტატიაში გვინდა იმ კონცეფციაზე მოგითხროთ, რომელსაც ჩვენ ერთობლივად უკვე წელიწადზე მეტია ვამუშავებთ და რომლის განხორციელებაც დაიწყო ამ რეგისტრაციით. გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ხედვები მიზნებზე, წინაპირობებზე, მიდგომებზე როგორ და როდის ვაპირებთ რა თანმიმდევრობით ვიმოქმედოთ. ასევე გვსურს ჩვენს კომპანიაში შემოსვლა შემოგთავაზოთ ყველა დაინტერესებულს.

 

ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ისეთი სასტუმროების ქსელი, რომელიც პირველ რიგში უცხოეთიდან ჩამოსულ წყვილებზე და მცირე ჯგუფებზე იქნება გათვლილი, ვისაც სურვილი აქვს ეკონომიური ბიუჯეტით, მაგრამ რაც შეიძლება კარად გაიცნოს ჩვენი ქვეყანა და აქედან ისეთი განწყობა წაიღოს, რომ არამარტო კარგად იცნობს აქაურობას, არამედ მეგობრები ჰყავს, რომლებთანაც ყოველთვის შეუძლია სტუმრად დაბრუნდეს.

 

ასეთი ადამიანების რიცხვი რომ სულ უფრო გაიზრდება ამაზე ჩვენი მთავრობა, ცხადად ჩანს, დიდი მონდომებით მუშაობს. ჩვენც გვსურს ამ ნაკადის გაზრდაში, მათი კმაყოფილების ზრდის ამოცანის გადაწყვეტაში ჩავერთოთ და ამ მიზნისთვის განკუთვნილი კარგი ორგანიზაცია და ინფრასტრუქტურაც შევქმნათ.

 

ორი-სამი წლის განმავლობაში ვგეგმავთ მინიმუმ 1000 საწოლზე ავიყვანოთ მართვაში არსებული სასტუმროები. საშუალოდ 20-50 ნომრამდე, სავარაუდოდ 10-15 სასტუმრო გვექნება საქართველოს მასშტაბით და ვეცდებით, დავფაროთ ყველა ის კუთხე, საიდანაც საქართველოს ყველაზე საუკეთესო რაკურსით დანახვა შეიძლება.

 

ის, რომ ჩვენ აქ პროცესებს ავაწყობთ ხარისხის კონტროლის, უკუკავშირის სისტემებს შევქმნით, სისუფთავეს, ინფრასტრუქტურის ტექნიკურ გამართულობას უზრუნველვყოფთ, ამის შესაბამისი სტრუქტურა და პროცესები გვექნება, გარემოს ოჯახურს შევქმნით, ინტერნეტი გვექნება სწრაფი და ძალიან მაღალი ხარისხის და სტუმრებს ნაკლები ექნებათ საპრეტენზიო – ეს კი რთულია, მაგრამ მიღწევადია, შედარებით ადვილად, როგორც “ბარბარესთან”, ისე “სინერჯის” ჩართულობა ამ ამოცნების გადაწყვეტას აუცილებლად უზრუნველყოფს. მაგრამ აი როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ისინი (სტუმრები) სიხარულით სავსე და ბედნიერები მიდიოდნენ და მერე ამაზე დიდხანს და ბევრს ლაპარაკობდნენ და წერდნენ, ეგ არის ალბათ მთავარი კითხვა, რომელსაც ჩვენ ერთად გვინდა ვუპასუხოთ. ჯერ ამ სტატიაში იდეის დონეზე და მერე უკვე ცხოვრებაში ყოველი ჩვენი სასტუმროს და ყოველი ჩვენი სტუმრის დონეზე.

 

სამი მთავარი საკითხია, რაზეც გადავწყვიტეთ განსაკუთრებულად გავამახვილოთ ყურადღება იმისთვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. სამი რაღაც, რასაც ჩვენი აზრით შეუძლია ჩვენი სტუმრები ბედნიერი გახადოს, სიხარულით აავსოს, აღაფრთოვანოს და რისი მიღწევაც სამვარსკვლავიან სასტუმროში შეიძლება.

 

საუზმე გვინდა იყოს ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი ჩვენთვის. გვინდა, ის ყოველ დღე გამოირჩეოდეს და განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, სანამ სტუმარი ჩვენს რომელიმე ერთ სასტუმროში რჩება. განსხვავდებოდეს სასტუმროებს შორის და მაქსიმალურად გადმოსცემდეს იმ კუთხის სამზარეულოს, რომელსაც სტუმრობს. საუზმე ის ნაწილია ჩვენი აზრით, რომელიც როგორც სიამოვნების მინიჭების, ისე კულტურის და კუთხის სპეციფიკის გაცნობის ამოუწურავ შესაძლებლობებს იძლევა. გვინდა შევქმნათ სისტემა, რომელიც რაც შეიძლება მეტ სტუმარს ალაპარაკებს იმაზე, როგორი საოცარი, უგემრიელესი საუზმე იციან ჩვენთან.

 

“ბარბარესთან ” გუნდი გვპირდება, რომ საოცარი საუზმე გვექნება ყველა სასტუმროში. ყოველ დილას, ახალ-ახალი ადგილობრივი ინგრედიენტებით, ადგილობრივი რეცეპტებით, ადგილობრივი მზარეულების მომზადებული, ბევრი ექსპერიმენტებით და ახალ-ახალი გადაწყვეტილებებით. გაჯერებული მუდმივი შეფასებებით და მზარეულის აქტიური ურთიერთობით სტუმრებთან, ჩვენ ვეცდებით ის სასტუმროს მთავარ მასპინძლად ვაქციოთ და მასთან მეგობრობაზე ავაგოთ სტუმრებთან ურთიერთობა.

 

ძილის ინფრასტრუქტურა გვინდა იყოს ასევე ის, რაზეც ბევრს ილაპარაკებენ ჩვენი სტუმრები. გვინდა სამვარსკვლავიან სასტუმროში მათ უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტის “მატრასები” თეთრეული, პირსახოცები, ხალათები დავახვედროთ. ყველაფერი, რასაც მათი სხეული ეხება, გვინდა იყოს უმაღლესი ხარისხის. გვინდა ეძინოთ ჩვენთან ისე ტკბილად, როგორც არსად არ სძინებიათ. გვინდა იღვიძებდნენ დასვენებულები და ბედნიერები და ენერგიით სავსე იმისთვის, რომ კიდევ ერთი ემოციებით დატვირთული დღე იცხოვრონ და ბევრი ახალი აღმოჩენა გააკეთონ ჩვენს ქვეყანაზე, მის კონკრეტულ კუთხეებზე, კიდევ უფრო ახლოს გაიცნონ და მეტად შეიყვარონ საქართველო.

 

ძილი გვგონია რომ ადამიანს განსაკუთრებით ამახსოვრდება. როგორც ცუდი, ისე ტკბილი. და შეფასებითაც დიდწილად სწორედ იმით აფასებს სასტუმროს. “მატრასი” ალბათ ყველაზე ახლობელი ადგილია სასტუმროში სტუმრისთვის, რომელზეც ყველაზე მეტ დროს ატარებს და გვინდა, რომ იგრძნოს ჩვენ ამაზე ეკონომიას არ გავაკეთებთ. პირიქით ვეცდებით, რომ არ ელოდება ისეთი კლასის გადაწყვეტილება შევთავაზოთ ამ კუთხით.

 

სპეციალური ღონისძიებები ყოველ საღამოს გვინდა მესამე დიდი ნიშანი გახდეს ჩვენი, და სიხარულის მიზეზების წყარო ჩვენი სტუმრებისთვის. ღვინის, პურის, ყველის კლასი საღამოობით, კულინარიული გაკვეთილები, ადგილობრივი შემსრულებლების პატარ-პატარა დაგეგმილი და იმპროვიზირებული და დაგეგმილად იმპროვიზირებული წარმოდგენები, როგორც სასტუმროში შიგნით, ისე გარეთ გაყვანის შესაძლებლობებით გვინდა გახდეს მთავარი ამბავი, რაც ჩვენს სასტუმროებს ერთი მხრივ ყველას ერთმანეთისგან უნიკალურს გახდის, მეორე მხრივ როგორც ხაზი სხვა სასტუმროებისგან რადიკალურად გამოარჩევს. ჩვენ გვინდა, სწორედ ამ ღონისძიებების გზით ადამიანებმა გაიცნონ და შეიყვარონ ჩვენი ქვეყანა, მისი ყოველი კუთხე, ქართველები შეიყვარონ, გაიცნონ და დაუმეგობრდნენ ადამიანებს, ვისთანაც განაგრძობენ მერე ურთიერთობას. ადგილობრივ მოსახლეობაში აღმოაჩინონ მათთვის საინტერესო ჩვევები, ტრადიციები, კულტურული თავისებურებები. ისწავლონ სიმღერა, ცეკვის ელემენტები, სამზარეულო და ბევრი ბევრი თბილი და ტკბილი მოგონება გაიყოლონ თითოეული კუთხიდან და მთლიანად მოგზაურობიდან.

 

ეს სამი ნიშანი გახდა მიზეზი, რომ იგემეთ, გასინჯეთ დაგვერქმია ჩვენი ჯგუფისთვის. “თეისთ ით” არის მთავარი სლოგანი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ატარებს და ეცდება რაც შეიძლება მეტი კუთხით აგემოს და გაასინჯოს საქართველო ჩვენს სტუმრებს. ისინი ხომ ღმერთის საჩუქრები არიან ჩვენთვის.

 

მოსაყოლად ადვილია, არც ჩვენზე ნაკლებად უფიქრია ბევრს ალბათ ამაზე, ბევრს ლოკალურად, ერთეულ ადგილებში ალბათ შეუქმნია კიდევაც ასეთი სასტუმრო. ყველაზე რთული ამ ყველაფრის სისტემურ დონეზე გაკეთება იქნება ალბათ. როგორი უნდა იყოს ორგანიზაციის კულტურა, სტრუქტურა, პროცესები, მოტივაციის სისტემები, ეს სტრატეგია რომ ყველა კონკრეტულ ლოკაციაზე მაქსიმალურად დეტალების დონეზე განახორციელოს, ეს არის მთავარი ორგანიზაციული გამოწვევა, რომელსაც მოგვიწევს ვუპასუხოთ.

 

ჩვენი გადაწყვეტა კი ძალიან მარტივია ამ კუთხით. ვთვლით, რომ ამ კონცეფციას მხოლოდ ბედნიერი ადამიანები განახორციელებენ ადგილებზე, რაც შეიძლება დიდი თავისუფლება, რაც შეიძლება მეტი სწავლება და მხარდაჭერა, რაც შეიძლება დიდი მოტივაციის შექმნა ყველა თანამშრომლისთვის ადგილებზე, მათი ჩართულობა იდეების გენერაციის პროცესში და მათი ღვაწლის მაქსიმალური დაფასება – გახდება ფუნდამენტი ჩვენი ორგანიზაციისთვის.

 

კარგად გვესმის, რომ ადამიანი, რომელიც ოთახს ალაგებს ყველაზე მთავარ პირად უნდა გრძნობდეს ორგანიზაციაში თავს, არამარტო იმიტომ, რომ იდეალურად დეტალების დონეზე შეასრულოს საკუთარი საქმე, არამედ მოინდომოს მისი წვლილი შეიტანოს სტუმრების ბედნიერების ამოცანის გადაწყვეტაში. ყველაზე მეტი საშუალებაც და შესაძლებლობებიც ხომ მათ აქვთ ამ კუთხით. და ეს ამოუწურავია, თუ ისინი ამას მოინდომებენ. ჩვენ გვინდა, სწორედ ამ ადამიანების წარმატებად და გამარჯვებად ვაქციოთ თითოეული პოზიტიური გამოხმაურება, დავუფასოთ და გამოვუხატოთ პატივისცემა და აღიარება მათი უდიდესი როლის და მნიშვნელობის.

 

****

 

ასე გადავწყვიტეთ ჩვენ ამ ყველაფრის გაკეთება. ერთ წელიწადში უკვე მინიმუმ სამი სასტუმრო გვექნება, ორში 5 და სამში 10 მინიმუმ. კარგად გვესმის, რომ ეს ყველაფერი განხორციელების დონეზე ძალიან ბევრი სირთულეებით იქნება სავსე. მაგრამ იმდენად დიდია ამის გაკეთების მოტივაცია, იმდენად დიდია იმედი “ბარბარესთან” გუნდის და სინერჯის გამოცდილების, რომ ზუსტად ვიცით გამოგვივა საუკეთესო ხარისხით. ახლა, ამ სტატიის მერე, სხვაც ბევრი შეეცდება ალბათ ამ სტრატეგიის განხორციელებას, რისთვისაც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ ყველას. მათ კი, ვისაც უნდა ამ პროექტში ჩვენი პარტნიორები გახდნენ შეგვეხმიანეთ, ერთად კიდევ უფრო ადვილად და ბევრად უკეთესად გამოგვივა.