GEO ENG
GEO ENG

სტატიები

ახლადშექმნილ ორგანიზაციაში გავრცელებული პრობლემები და მიდგომა მათი მოგვარებისათვის

 

picture11

 

ბევრს სურს ჰქონდეს საკუთარი, თუნდაც მცირე ბიზნესი, მიიღოს მოგება და ფლობდეს თუნდაც მცირეოდენ ძალაუფლებას, თუმცა ცოტამ თუ იცის, რა პრობლემებს აწყდებიან ახლადშექმნილი ორგანიზაციები.

 

„ახალშობილ“ ორგანიზაციებს მართებთ მზადყოფნა იმ ძირითადი გამოწვევებისა და ბარიერების გადასალახავად, რაც მათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დახვდებათ. ამ სტატიით ვეცდებით, ყველაზე ძირითად პრობლემებს შევეხოთ, რომლებსაც ნებისმიერი ტიპის ბიზნესი აწყდება  საწყის ეტაპზე.

 

მათ შორის ყველაზე დაგვრცელებული პრობლემებია მისიის არასწორი აღქმა, რეპუტაციაზე არასათანადო ზრუნვა და თანამშრომლების არასათანადო დაფასება, რაც შემდგომში პრობლემათა მთელს წყებას იწვევს.

 

პირველ რიგში, სასიცოცხლოდ გადამწყვეტია მისიის არასწორად აღქმის პრობლემა. ნებისმიერი საქმის დაწყებამდე აუცილებელია  კარგად გაანალიზდეს ამ საქმიანობის მიზანი და დანიშნულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დამწყები ბიზნესი ან საერთოდ ვერ განვითარდება, ან არასწორი მიმართულებით განვითარდება და საბოლოოდ კრახს განიცდის.

 

მისიის სწორი აღქმის შედეგია მკაფიო და ნათელი ფოკუსი იმაზე, თუ ვინ არიან შენი მომხმარებლები და რა სარგებელს ქმნი მათთვის. ამ ფუნდამენტურ საკითხებზე ბევრი ფიქრია საჭირო. არასწორად აღქმული მისია მთლიანად ცვლის ორგანიზაციის მიმართულებას. ამდენად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფოკუსის სწორად დანახვა და მასზე კონცენტრირება.

 

არის შემთხვევები, როცა კარგი ბიზნეს-იდეის წყალობით შეიძლება მოკლევადიან წარმატებას მიაღწიოს კომპანიამ. ეს უფრო მეტად შეამცირებს იმის შანსს, რომ იგი იფიქრებს განვითარებაზე, მისიის სწორად დანახვაზე. საწყისი თავბრუდამხვევი წარმატება შთაბეჭდილებას შექმნის, რომ ყველაფერი იდეალურადაა. თვითკმაყოფილი კომპანია იქნება მთლიანად გადართული მიმდინარე საქმიანობის უბადლოდ შესრულებაზე და არანაირ ძალისხმევას არ გასწევს სამომავლო განვითარებისთვის. თავდაპირველი მარცხი შესაძლებლობების ძიებისა და შეცდომების დანახვის არეალს აფართოებს.

 

არანაკლებ მწვავე პრობლემაა რეპუტაციაზე არასათანადო ზრუნვა. როგორც წესი, ხშირად ახლადდაარსებული კომპანია, თავდაპირველად, ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას აწარმოებს.იგი დროთა განმავლობაში „უფერულდება“, „უგემურდება“ და კარგავს იმ ღირებულებებს, რაც თავიდან გააჩნდა, რამაც უკვე მიიზიდა მომხმარებელი. ამგვარი ტრანსფორმაცია იწვევს მომხმარებლის დაკარგვას, შემოსავლების კლებასა და კრიზისს. რეპუტაციაზე, ის, რაც ყველაზე მეტად მოქმედებს, არის პროდუქტის, გაწეული მომსახურების ხარისხი და რაც უფრო ნაკლებად სტაბილურია ხარისხი, მით უფრო მერყევია მომხმარებელში პროდუქციის აღქმა.

 

ხარისხის ღირებულება პირდაპირ კავშირშია კომპანიის რეპუტაციასთან. რაც უფრო სტაბილური ხარისხით ხასიათდება პროდუქტი თუ მომსახურება, მით უფრო მეტი მომხმარებელი იჩენს ლოიალურობას მის მიმართ, მეტად ენდობიან და ერთგულად მოიხმარენ საიმედო ხარისხის მქონე კომპანიის ნაწარმს. დროთა განმავლობაში კომპანიები ხარჯების შემცირების მიზნით ყველაზე მარტივ გზას იყენებენ და პროდუქტის თვითღირებულების შემცირებაზე გადადიან. საბოლოო ჯამში, ეს ხარისხზე აისახება. ხარისხიანი პროდუქტის მხოლოდ საწყის ეტაპზე წარმოება იწვევს მომხმარებლის იმედგაცრუებას, ნდობის დაკარგვას და შესაბამისად, დაკარგული მომხმარებლის სახით, შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას.

 

მომხმარებლის ღირებულების აღქმა საწყის ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც ბიზნესი იდგამს ფეხს, ყოველი მომხმარებელი ეხმარება მომდევნო ნაბიჯის მტკიცედ გადადგმაში. მათი საჭიროებების გამოვლენა და კმაყოფილებაზე ზრუნვა პირდაპირპროპორციულად აისახება კომპანიის საქმიანობის შედეგებზე. თითოეული მომხმარებელი აღქმული უნდა იყოს, როგორც შანსი , რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ ხელიდან. უნდა ვკითხოთ, რა მოსწონთ და რის გამუმჯობესებას ისურვებდნენ, რათა ყოველი მომდევნო პროდუქტი უფრო მეტად მისაღები იყოს მათთვის. მომხმარებელთა სიახლოვისა და იტერაქციის ნაცვლად, კომპანიები ხშირად ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ მათგან, რაც საბედისწერო ხდება.

 

შემდეგი გავრცელებული პრობლემა უკავშირდება თანამშრომლების არასათანადო დაფასებას. ახლადშექმნილ ორგანიზაციებში თითოეული თანამშრომლის როლი იმდენად დიდი და გადამწყვეტია, რომ ერთი მათგანის უკმაყოფილებაც კი აისახება შედეგებზე.  მოტივირებული და ენთუზიაზმით აღსავსე კადრები შეუფასებელი აქტივია ნებისმიერი ორგანიზაციისთვის.

 

ყველაზე ხშირად პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც კომპანიის ზრდასთან ერთად თანამშრომლების რაოდენობაც იზრდება. ამ დროს თითოეულის წვლილი ნაკლებად შესამჩნევი და მნიშვნელოვანი ხდება, შესაბამისად, სულ უფრო ნაკლებად ხდება მათი შედეგების დაფასებაც, წახალისება, სტიმულირება თუნდაც სიტყვიერი შექებით.

 

ამგვარი მიდგომა კომპანიის განვითარების მტკიცე ბარიერს ქმნის. თანამშრომლები მოვალეობის მოხდის გამო მუშაობენ და განუწყვეტლივ უკეთესი ვაკანსიის ძიებაში არიან. ცდილობენ დაკისრებული მოვალეობა დამაკმაყოფილებლად შეასრულონ და არ ზრუნავენ კომპანიის განვითარებაზე, არ გამოდიან ინიციატივებით და არ ფიქრობენ რაიმე შეცვალონ უკეთესობისკენ. თანამშრომლებზე გაწეული ზრუნვა და ყურადღება უკან აუცილებლად ბრუნდება – ცდილობენ მეტად დაიხარჯონ კომპანიისთვის, მეტი ღირებულება შექმნან და იზრუნონ მის განვითარებაზე.

 

უფრო მწვავდება პრობლემა, თუ არასწორი კადრები მოხვდნენ კომპანიაში. ყოველი ახალი თანამშრომელი კომპანიის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ნაწილია და იგი სწორად უნდა მოერგოს კომპანიის კულტურას, პრინციპებსა და ფასეულობებს.

 

ვიმედოვნებთ, ეს სტატია დაგეხმარებათ მოსალოდნელი პრობლემების  დროულად გამოვლენასა და პრევენციაში. სწორად ჩაყრილი საფუძველი საიმედო საყრდენი იქნება თქვენი ბიზნესის მომავლისთვის.

 

წარმატებებს გისურვებთ!