GEO ENG
GEO ENG

სტატიები

არაფორმალური მენტორები კადრების განვითარებისთვის

საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მაკინზი, რომელსაც 80 ოფისი გააჩნია მსოფლიოს 40 სხვადასხვა ქვეყანაში, აქტიურად და ეფექტურად იყენებს მენტორების ინსტიტუტს საკუთარი კადრების განვითარებისთვის.

 

მენტორები (ქართულად “აღმზრდელები”) არიან გამოცდილი თანამშრომლები, რომლებიც ახალბედა თანამშრომლების კომპანიაში სწრაფ გაზრდაზე და ინტეგრაციაზე ზრუნავენ.

 

დღეს, ბევრი მენეჯერი საქართველოში აცნობიერებს კადრების განვითარების მაღალ საჭიროებას, მაგრამ არსებული ფინანსური სირთულეები აიძულებს უარი თქვას მოწვეული ტრენერის ან ტრენინგ–ცენტრის მაღალბიუჯეტიან გადამზადებაზე.

 

მასთან შედარებით მენტორების ინსტიტუტს შემდეგი უპირატესობა გამოირჩევს:

 

გაცილებით ნაკლებ ხარჯს მოითხოვს, ვიდრე მოწვეული ტრენერის ან ტრენინგ ცენტრის დაქირავება;

ეფექტურია ვადებში, რადგან მენტორი მოტივირებული არ არის ტრენინგის ხელოვნურად გაწელვაში;

ტრენინგისგან განსხვავებით, ისინი მუდმივად რჩებიან მენტორებად თანამშრომლებისთვის და დახმარებას უწევენ მათი შესაძლებლობის ფარგლებში ყველა თანამშრომელს.

მენტორების ინსტიტუტის მუშაობას მაკინზიში ფორმალიზებული ხასიათი აქვს. როდესაც ახალი თანამშრომელი მოდის კომპანიაში, მას ენიშნება მენტორი, რომელსაც ევალება მისი აღზრდა. თუმცა, როგორც წესი, იმდენად ღირებული ხდება ეს ადამიანი ახალი თანამშრომლისთვის, რომ არამარტო იმ პერიოდში, არამედ შემდგომაც ეკითხება აზრს ამა თუ იმ საკითხზე.

 

ჩვენ შემთხვევაში ასეთი ინსტიტუტები განვითარებული არ არის. მითუმეტეს, მას არ ექნება ფორმალიზებული სახე. ასეთი ადამიანები ჩვენთან ძირითადად არაფორმალურად არსებობენ. ესენი არიან ის თანამშრომლები, რომლებსაც ფარული ნიჭი და დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება გააჩნიათ სხვისი სწავლების და მოწოდების. ამით კი, ისინი ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ წამყვან პროცესებში თავიანთი შეუმჩნეველი და განუცხადებელი საქმიანობის მიუხედავად. ყველა კომპანიაში არსებობენ თანამშრომლები, რომლებიც სამუშაოს დიდ ნაწილს ატარებენ სხვებისთვის რჩევის მიცემაზე და დახმარებაზე. მათი უმეტესობა კი ამით სიამოვნებასაც კი იღებს.

 

თუკი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები გამოავლენენ ასეთ ადამიანებს, იზრუნებენ მათი კვალიფიკაციის მუდმივ ზრდაზე და ამასთან წაახალისებენ მათ, რომ იზრუნონ სხვა, არამარტო ახალი თანამშრომლების სწრაფ ზრდაზე და განვითარებაზე, არამედ არსებულების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ამით მნიშვნელოვან შედეგებს მიიღებენ როგორც კადრების განვითარების კუთხით, ისე ფინანსური თვალსაზრისითაც.

 

მენტორების გამოსავლენად შესაძლებელია მარტივი გამოკითხვის ჩატარება, სადაც თითოეული თანამშრომელი გამოავლენს ასეთ ადამიანს. მაგალითად, მაკინზიში თითოეულ თანამშრომელს პერიოდულად ეკითხებიან, თუ ვინ შეიტანა მის განვითარებაში წვლილი გასული პერიოდის მანძილზე. გამოკითხვის შედეგები შეჯამდება და გამოიკვეთებიან ადამიანები, რომლებსაც ფარული უნარი და მოთხოვნილება გააჩნიათ სხვა ადამიანების სწავლების და პროფესიული დახმარების, რომლებსაც ყველაზე მეტად ენდობიან და სჯერათ მათი. ასეთ ადამიანებს შეიძლება პირობითად ვუწოდოთ არაფორმალური მენტორები. ისინი ცალსახად არიან პიროვნებები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კომპანიაში, რომლებიც ეხმარებიან სხვებს, ასწავლიან და ურჩევენ სირთულეების გადალახვას. თუმცა, მენტორების გამოვლენა ზოგიერთ შემთხვევაში უბრალო დაკვირვებითაც სავსებით შესაძლებელია.

 

იმისათვის, რომ მენტორების პოტენციალი უფრო მეტად ეფექტურად იქნას გამოყენებული, საჭიროა მათ ძალისხმევას უფრო ორგანიზებული ხასიათი მივცეთ. ამისთვის საჭიროა, გამოეყოთ დამატებითი ანაზღაურება, დავეხმაროთ სპეციალური ტრენინგების მომზადებაში და შევუდგინოთ პროგრამა, რომელიც გათვლილი იქნება სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლების გადასამზადებლად.

 

მენტორების გამოვლენის პროცესი შეუჩერებელი დინებით უნდა მიდიოდეს. თანამშრომლების გამოკითხვა მუდმივად უნდა ხდებოდეს კომპანიაში მომუშავე ადამიანებში სწავლების უნარის გამორკვევის მიზნით. ეს ერთგვარ სტიმულსაც შეუქმნის თანამშრომლებს გამოიჩინონ მეტი ყურადღება და თვითნებურად დაეხმარნონ ადამიანებს, ვისთან ერთადაც სამუშაოს შესრულება უწევთ და მათ, ვინც კითხვით მიმართავენ. ხშირი გამოკითხვები კი დაამკვიდრებს მენტორების ხშირ გამოვლენას და ბუნებრივად დანერგავს თანამშრომლებში კეთილგანწყობის და დახმარების სტიმულირებას.

 

მენტორების ინსტიტუტის გააქტიურებით კომპანიაში ძლიერდება კორპორატიული კულტურა, რადგან მენტორებს შეუძლიათ არამარტო ასწავლონ, არამედ თანამშრომლებს გადასცენ კომპანიაში დამკვიდრებული ფასეულობები. ამასთან, თანამშრომლებს ეძლევათ ახალი ფუნქციების შეთავსების, დამატებითი ანაზღაურების გამომუშავების საშუალება. ამ სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს თანამშრომლების უფრო სწრაფად მომზადებას მინიმალური ხარჯებით. შედეგად, როგორც ტრენერად “ქცეული” თანამშრომლები, ასევე კვალიფიკაციაამაღლებული კადრებიც მეტი ხალისით შეუდგებიან სამუშაოს შესრულებას.

 

სტატიის ნახვა შესაძლებელია სინერჯი ჯგუფის VI წიგნში “ორგანიზაციული პერპეტუმობილე” ბმული