GEO ENG
GEO ENG

სტატიები

ათი რჩევა ზარალიანი კომპანიების ხელმძღვანელებს

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ზარალიანობა არაფრით უფრო მეტი პრობლემა არ არის, ვიდრე მაგალითად თანამშრომლების უკმაყოფილება ან უიმედობა, ან ნაკლები ლოიალურობა ორგანიზაციის მიმართ, ჩვენთან და ალბათ არამარტო, მას ძალიან დიდ პრობლემად აღიქვამენ და დიდ მნიშვნელობას და ყურადღებას აქცევენ. განსაკუთრებით კი დამფუძნებლები, კრედიტორები, მომწოდებლები, ინვესტორები და ყველა სხვა პარტნიორი, ვინც ზარალის შესახებ იგებს.

გვინდა სინერჯის გამოცდილებაზე დაყრდნობით რამდენიმე ისეთ საკითხზე მივმართოთ თქვენი ყურადღება და თავს უფლება მივცეთ, რამდენიმე რჩევა გითხრათ, რომელიც ამ რთული, მაგრამ მაინც ერთ-ერთი მმართველობითი პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ.

 

 

  1. არ ინერვიულოთ, ან ნაკლები ინერვიულეთ, ზარალი განაჩენი არ არის,ის უბრალოდ ერთ-ერთი პრობლემაა, რომელსაც პირველ რიგში სწორი დამოკიდებულება, მობილიზებული მუშაობა და მკაფიო გეგმა სჭირდება. ამ პრობლემას სხვა ბევრი მმართველობითი სირთულისგან განსხვავებით მკაფიო საზომები აქვს, რაც მის მართვას ძალიან ამარტივებს. სამაგიეროდ მასთან ბრძოლის მიზანს მთელი ორგანიზაციის შეკვრა და დარაზმვა შეუძლია, შეუძლია გარემო იმდენად პოზიტიური, კოოპერაციული და ურთიერთდახმარებაზე მიმართული გახადოს, როგორც არც ერთ სხვა პრობლემას არ შეუძლია. ვინაიდან ყველასთვის ცხადია და საგრძნობი ორგანიზაციის ყოფნა არყოფნის საფრთხე.
  2. კარგად გაიაზრეთ ზუსტად რას უნდა ებრძოლოთ ზარალს თუ ზარალიანობას და მკაფიოდ გაავლეთ მათ შორის ზღვარი. სამწუხაროდ ხშირად ზარალის შემცირებას ცდილობენ, რისთვისაც ხარჯების შემცირებას იწყებენ, მათ შორის ისეთი ხარჯების, რომლებიც შემოსავლებს ქმნის. მაგალითად პრემიების გაცემას წყვეტენ ან ამცირებენ მათ მოცულობას. ესეთი ხარჯების შემცირება ზარალიანობას კიდევ უფრო ზრდის, არათუ ამცირებს. შედეგიც სულ უფრო უარესდება ასეთ დროს და დეპრესიაც მატულობს. ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯმენტმა არა ზარალის შემცირება, არამედ ზარალიანობის შემცირება დაისახოს მიზნად და ყველა შემდეგ ნაბიჯსაც სწორედ ამ კონტექსტში შეხედოს.
  3. დამფუძნებლებს, კრედიტორებს კარგად გაუმიჯნეთ ის ხარჯები, რომელიც ზარალს იწვევს და ის ხარჯები, რომელიც ზარალიანობას იწვევსდა დაანახეთ მათ შორის განსხვავება. ხარჯების ეს ორი კატეგორია უფრო იმისთვის უნდა დაკლასიფიცირდეს და გაიმიჯნოს, რომ  ზარალიანობის გამომწვევი მიზეზების ზუსტი ანალიზი გაკეთდეს და არა იმიტომ, რომ პირდაპირ ან ერთის ან მეორის შემცირება დაიწყოს. ხარჯები შეიძლება ზარალიანობას ზრდიდეს, მაგრამ მათი პირდაპირ შემცირება კომპანიას არარაციონალურად ძვირი შეიძლება დაუჯდეს. ამიტომ ასეთი ხარჯების შემცირებასაც კი, სანამ რამე ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ, გადაწყვეტილებასთან ერთად მკაფიო მოქმედების გეგმა სჭირდება. პირველ რიგში კი ზარალიანობის მიზეზების ძალიან დეტალური ანალიზია საჭირო, ხარჯების ერთმანეთისგან გამიჯვნა და მკაფიო კლასიფიცირება ზარალს იწვევს თუ ზარალიანობას და რომელს რა გავლენა აქვს საბოლოო შედეგზე.
  4. სასწრაფოდ გააკეთეთ ზარალიანობის შემცირების გეგმა, მარტივი, რეალური, მკაფიო და რაც შეიძლება იაფი. ეს გეგმა ძალიან დაგჭირდებათ ყველა იმ მხარისთვის, ვისთვისაც ზარალიანობა თქვენთან თანამშრომლობის მოტივაციის შემცირების მიზეზი შეიძლება გახდეს. თუ ისინი მაინც გაიგებენ იმის შესახებ, რომ ზარალზე ხართ, იქნებ ჯობდეს იპოვოთ ფორმა, როგორ გააგებინოთ დელიკატურად თქვენვე ეს ამბავი. ამასთან ერთად გეგმაზეც მოუყვეთ და აუხსნათ, რომ ნერვიულობის რაიმე მძაფრი მიზეზი არ არსებობს, რომ ყველაფერი კონტროლზეა. ამასთან შეგიძლიათ ისეთი მხარდაჭერაც ითხოვოთ, რაც ზარალიანობის შემცირებაში დაგეხმარებათ. მაგალითად ფასდაკლების გაზრდა მომწოდებლებისგან და კონსიგნაციის ვადების გაზრდა, დროებით ფასდაკლების შემცირება კლიენტებისთვის და ფულის ჩარიცხვის პერიოდების დამოკლება, კრედიტორებისგან ფულის ღირებულების შემცირება და გადახდების გრაფიკების ცვლილება და ა.შ.
  5. განსაკუთრებულად დიდი ყურადღება მიაქციეთ ფულის წყაროების მოძიებასდა დარწმუნდით, რომ ფული გეყოფათ ზარალიდან სწორად გამოსვლისთვის საჭირო პერიოდზე. ვინაიდან ფულის ნაკლებობა ბევრი პანიკური გადაწყვეტილების მიზეზი ხდება და შეიძლება თვითონ ზარალზე კიდევ უფრო დიდი ზიანი მიაყენოს ორგანიზაციას. უნდა მოელაპარაკოთ კერძო წყაროებს, ან იპოვოთ ინსტიტუციონალური პარტნიორები, რომლებიც ზარალის პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში ნაღდი ფულით დაგეხმარებიან და მოამზადოთ სიტუაცია ამისთვის, რაც გასაღები იქნება – მეტი ხარჯი ან კაპიტალის წილის დათმობა, თუ სხვა გამოსავალი არ იქნება. როგორი რთულიც არ უნდა იყოს მდგომარეობა, თუ აქედან გამოსვლის გეგმა არსებობს, ასეთი წყაროების მოძიება შეიძლება. ყველაზე ბოლო ვარიანტი კაპიტალში კონვერტირებადი სესხებია.
  6. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ შემოსავლების ზრდას, ვიდრე ხარჯების შემცირებას.ვინაიდან სწორი კონცენტრაციის შემთხვევაში ეს უფრო სწრაფ შედეგს იძლევა, ვიდრე ხარჯების შემცირება. ამასთან ამ ამოცანაზე გუნდის მობილიზებაც ბევრად უფრო ადვილია, სამუშაოც ნაკლებად სტრესულია, უფრო შემოქმედებითი და უფრო შეფასებადიც. ამიტომ მეტი ძალისხმევა, მათ შორის გეგმაშიც, სწორედ შემოსავლების ზრდის ღონისძიებების დაგეგმვაზე უნდა გაკეთდეს. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ  შემოსავლის ზრდის ბევრი ისეთი გზა არსებობს, რომელიც მოგებას არ ზრდის.
  7. დაითვალეთ შემოსავლების მომგებიანობა.იმისთვის, რომ სწორად მივხვდეთ შემოსავლების ზრდის რომელ ღონისძიებებზე და გზებზე ღირს კონცენტრირება, აუცილებელია კარგად გვესმოდეს რომელი რა გავლენას ახდენს მოგებაზე. ამისთვის კი უფრო დეტალური ანალიზი და პროგნოზირებაა საჭირო. უნდა შეფასდეს რა შემოსავალს რა ხარჯი მოყვება და რომელი ხარჯი შემოსავლის რა პერსპექტიულ მოცულობას ქმნის. ეს ანალიზი დაგეხმარებათ მომგებიანად გაანაწილოთ მენეჯმენტის ყურადღება.
  8. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ზარალიან პროდუქტებს.მაგრამ არა იმიტომ, რომ ამოიღოთ ასორტიმენტიდან, არამედ პირველ რიგში იმისთვის, რომ მათი მომგებიანობის ამაღლება სცადოთ. ამისთვის თავიდან მათი გამოვლენა და რანჟირებაა საჭირო. ზარალიანობის ერთ-ერთი ჭრილი სწორედ პროდუქტების და მომწოდებლების მიხედვით მომგებიანობაა. ხშირად ყველაზე შემოსავლიანი პროდუქტები ქმნიან ყველაზე დიდი მოცულობის ზარალს. ამიტომ მათი ასორტიმენტიდან ამოღება არ იქნება არც ადვილი და არც სწორი. თითქმის ყველა ასეთი პროდუქტისთვის იარსებებს მომგებიანობის ამაღლების გზა. უბრალოდ საჭიროა ამ საკითხს საკმარისი ყურადღება დავუთმოთ.
  9. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ შესყიდვებს, დარწმუნდით, რომ პროცესები, სისტემები და სტრუქტურა სწორად მუშაობს ამ მიმართულებით, და რომ უზრუნველყოფილია ყველა კონკრეტულ შემთხვევაში რაც შეიძლება ეკონომიური ან რაციონალური გადაწყვეტილება. მაგრამ ეცადეთ გაასწოროთ სისტემა და არა თითოეულ კონკრეტულ შესყიდვაში პირადი მონაწილეობით მოაგვაროთ ეგ პრობლემა. ვინაიდან ასეთ შემთხვევაში არასწორი შესყიდვებით მიღებული ზიანი კიდევ უფრი დიდი იქნება, თუ ყველაფერთან ერთად ახლა უკვე უმაღლესი ხელმძღვანელების ყოველდღიური დროის მოხმარებას დაიწყებს. საჭიროა უბრალოდ სტრუქტურულად გაიმიჯნოს ვინ სვამს შესყიდვის ამოცანას და ვინ ასრულებს და უფრო მკაფიო უნდა გახდეს მათი თანამშრომლობის პროცესი.
  10. ყველაზე ნაკლებად ეფექტური და ნაკლებად ეფექტიანი ზარალიანობის შემცირების გეგმაში, ასევე ყველაზე მეტად სენსიტიური და საფრთხილოა კადრების შემცირება.სანამ ამ პროცესს დავიწყებთ ძალიან უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ეს ნაბიჯი. კადრების შემცირება ძალიან ხარჯიანია და მოკლე ვადაში მაინც არ იძლევა ეფექტს და სიტუაციას კი ძალიან აფუჭებს, გარემოს ამძიმებს და ყველა სხვა ნაბიჯის ეფექტიანობაც და ფიზიკურად განხორციელებაც რთულდება ან სულაც შეუძლებელი ხდება. ამიტომ, ეცადეთ თანამშრომლებს ახალი დავალებები მისცეთ, ყველას, ვინც არამომგებიანი საქმით არის დაკავებული კი არ უნდა გავუშვათ, არამედ უნდა ვეცადოთ დავალებები შევუცვალოთ. ნამდვილად ღირს დავხარჯოთ მეტი დრო იმაზე, რომ მათთვის ახალი ამოცანები განვსაზღვროთ. ასე ყველაფერთან ერთად ბევრ ახალ ტალანტს აღმოვაჩენთ მათში.

 

ჩვენ, სინერჯის, ჩვენი საქმიანობის მანძილზე იმ ეტაპზე ზარალიან ბევრ კომპანიასთან მოგვწევია მუშაობა. მათი უდიდესი ნაწილი დღეს ინდუსტრიის ლიდერები არიან. და ის, ვინც ამას ვერ მიაღწია (გაკოტრებით არავინ გაკოტრებულა, როგორც მახსოვს) მარტო იმიტომ, რომ ან გეგმა არ ჰქონდათ მკაფიო ან თვითონ არ სჯეროდათ თავისივე გეგმის.

ამიტომ გეგმის ქონა საკმარისი არ არის. უნდა ეცადოთ გჯეროდეთ, რომ ამ ეტაპს კომპანია წარმატებით გაივლის. ამის რწმენის დემონსტრირების საუკეთესო გზაა აქტიურად დაიწყოთ მზადება მომენტისთვის, როცა აღარ იქნებით ზარალზე და იმ საკითხების გადაწყვეტაზე დაიწყოთ მსჯელობა და ამოცანების დასმა, რომლებიც იმ დროისთვის გახდება აქტუალური.

 

ბევრი, მათ შორის სუბიექტური პრობლემა იჩენს თავს ზარალიანობასთან ერთად, ისეთები, რომლებიც ამ ზარალიანობის მიზეზი კი არ არის არამედ შედეგია და მათ შორის ისეთები, რომელიც ამ ზარალიანობის მაჩვენებელს კიდევ უფრო აუარესებს. განსაკუთრებით საყურადღებოა თვითონ მენეჯმენტის დამოკიდებულება ზარალის და ზარალიანობის მიმართ.

გვინდა ამ სტატიით პირველ რიგში სწორედ მათ მივმართოთ და დავარწმუნოთ, ზარალიანობა არ არის მიზეზი, რომ ხელები ჩამოუშვა და დანებდე სირთულეებს, ის უბრალოდ ერთ-ერთი გამოწვევაა და არაუმეტეს, რომელსაც მობილიზებულად უნდა უპასუხო, ისევე, როგორც ბევრ სხვა პრობლემას ან გამოწვევას, რითიც ასე სავსეა ჩვენი როგორც პროფესიული, ისე პირადი ცხოვრება.